3 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს.
„ეს შეხვედრა არ შემდგარა და ესეც საინტერესო დეტალია. რა თქმა უნდა, ელჩი არის დამოკიდებული იმაზე, რას ეტყვის მისი ადმინისტრაცია, ელჩი თავად არ იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. გრძელდებოდა შანტაჟი, არასწორი მიდგომით მოქმედება ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს მოქმედი ელჩი [რობინ დანიგანი] იანვრიდან ელოდება ახალ ადმინისტრაციას, რის შემდეგაც იმოქმედებს ახალი ადმინისტრაციის მანდატის შესაბამისად.
„ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ დეკემბერი უკვე გადავლილია, "ნაცმაიდანი" ჩავარდა, ყველაფერი მიდის ისე, როგორც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას,“ ამბობს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძემ ასევე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღებისას იჩქარა, რადგან, მისივე თქმით, აშშ-ის ძველი ადმინისტრაცია ცდილობს, დაუტოვოს მძიმე მემკვიდრეობა ტრამპის ახალ ადმინისტრაციას.
ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ ჰქონდა კომუნიკაცია ამერიკის ელჩთან და, რომ მათი შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართებოდა.